არჩევნებს იგებს ხალხი და არა ადმინისტრაციული რესურსი, ამის მაგალითი 2012 წელის პირველი ოქტომბერია

26/09/2017

,,მინდა ვისარგებლო შემთხვევით და როგორც უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა კანდიდატს ყველა პარტიიდან, ასევე, მოვუწოდო მმართველ პარტიას და მის კანდიდატებს, იმ ოპოზიციურ პარტიებსა და კანდიდატებს, რომლებიც, გარდა ოპოზიციური პარტიების კანდიდატობისა, არიან პარლამენტში თანამდებობებზე და ხელი მიუწვდებათ ადმინისტრაციულ რესურსზე, რომ გამიჯნონ სახელმწიფო და პარტია ერთამანეთისგან. გამიჯნონ ერთმანეთისგან ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფოს და ხალხს და არა რომელიმე პარტიას და ამით შექმნან ერთმანეთში კონკურენტული გარემო. ჩვენ უნდა გავიხსენოთ 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი, როდესაც კანდიდატების წინააღმდეგ ჩართული იყო მთელი სახელმწიფო მანქანა, ერთმანეთში იყო აღრეული სახელმწიფო და პარტია, მაგრამ ხალხმა მაინც მოახერხა და თავისი სწორი არჩევანი დააფიქსირა. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას არასოდეს აქვს ხოლმე დიდი მომავალი, არც ამ შემთხვევაში ექნება, თუკი რომელიმე მმართველი პარტიის ან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მაინც გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. თავისუფალი არჩევნების დღეს არჩევანს აკეთებს ქართველი ხალხი და მივცეთ ხალხს არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალება. ეს არის ჩემი საჯარო მოწოდება ყველა კანდიდატისადმი, განსაკუთრებით, მუნიციპალიტეტებში, აიპებში და გამგებლების დონეზე,“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დაწყებისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0