არჩილ თალაკვაძემ, გურიის გუბერნატორთან ერთად, მიკრომეწარმეობის და მცირე ბიზნესის შესაძლებლობებზე ოზურგეთში საჯარო შეხვედრა გამართა

05/03/2017

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ, გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან ერთად, მიკრომეწარმეობის და მცირე ბიზნესის შესაძლებლობებზე ოზურგეთში საჯარო შეხვედრა გამართა. არჩილ თალაკვაძემ შეხვედრაზე მეწარმეობის და მცირე ბიზნესის განვითარების მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე, ოზურგეთში მცირე მეწარმეთა წარმატებულ გამოცდილებაზე და ეკონომიკის სფეროში არსებულ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა. საკუთარი წარმატების გამოცდილება გაუზიარეს შეხვედრის მონაწილეებს მცირე მეწარმეებმა, რომელთაც საკუთარი ბიზნესი 2015-2016 წლის მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებით წამოიწყეს. მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ახალი ფაზა 2017 წლის აპრილიდან უნდა დაიწყოს. პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში 3000-ზე მეტი მცირე ბიზნესის დაწყება და განვითარება დაფინანსდა, რომელთაგან დიდი უმრავლესობა მდგრადი და წარმატებულია. როგორც შეხვედრაზე გუბერნატორმა აღნიშნა, სამხარეო ადმინისტრაცია აღნიშნულ პროგრამაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთო, რაც გულისხმობს დაინტერესებულ პირთათვის კონსულტაციებისა და ასევე საპროექტო იდეების შემუშავებაში დახმარების გაწევას. გუბერნიაში მომუშავე კვალიფიციური ჯგუფი ამ მიმართულებით საქმიანობას დეპუტატის ბიუროსთან ერთად კვლავ გააგრძელებს. პროფესიულ კოლეჯ “ჰორიზონტში” მიკრომეწარმეობის და მცირე ბიზნესის განვითარების და მხარდამჭერი პროგრამების შესახებ საჯარო შეხვედრა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ მცირე მეწარმეები, ბენეფიციარები, ახალგაზრდები, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოფლებში გამგებლის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0