არჩილ ხაბაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა მოინახულა

23/05/2016

ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ნუგზარ სურმანიძესთან და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან დავით ბალაძესთან ერთად დაათვალიერა.

ბათუმის მრავალპროფილური რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. ახალი საავადმყოფო თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებობის ისტორიაში სამედიცინო დაწესებულება მოსახლეობას მეანობასა და ბავშვთა სამედიცონო მომსამხურებას პირველად შესთავაზებს.

ახალი სახელმწიფო საავადმყოფო ყველა მიმართულების გადაუდებელი მდგომარეობის მომსახურებას უზრუნველყოფს. მოსახლეობა შეძლებს ეფექტური და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მიღებას. სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარით ფინანსდება. ამ ეტაპზე დასრულდა ფუძის მოწყობის სამუშაოები და მიმდინარეობს ნულოვანი ციკლის დასრულება. შესრულებული სამუშაოსთვის კომპანიას 1 მლნ 123 ათასი ლარი გადაერიცხა, ხოლო ავანსის სახით კომპანიამ 3 მლნ 325 ათასი ლარი მიიღო.

მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0