არჩილ ჯაფარიძემ საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა

11/02/2019

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში) ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების მერებისგან მოისმინა ინფორმაცია მათ სამოქმედო ტერიტორიებზე 2019 წლის მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია სამოქმედო გეგმის ცვლილების შესახებ. კერძოდ, საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამოქმედო გეგმას დაემატა გარკვეული პროექტები, მათ შორის: ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ.ქორენიშში ბეტონის გზის მოწყობა, ქ.ცაგერში სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობა, ქ.ცაგერში, კეჭნარის პარკის კეთილმოწყობა, ქ.ონში სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობა და სხვა.
ყურადღება კვლავ გამახვილდა ტურისტულ ზონებში მიწების დარეგისტრირების საკითხზე. კერძოდ, გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების მერებს თხოვნით მიმართა, ტურისტული ზონების შემდგომი განვითარების და არსებული რესურსის სწორად გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, მათ სამოქმედო ტერიტორიებზე თვალყური ადევნონ მიწების რეგისტრაციისა და შემდგომი ექსპლუატაციის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ზემოაღნიშნული ზონების ქაოტური და არაგეგმიური განაშენიანება.
თათბირზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია სამხედრო გაწვევის გეგმის, მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის, ადგილობრივი მიწის აღიარების კომისიის მუშაობისა და სხვა საკითხების შესახებ.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული, რწმუნებულის მოადგილეები, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0