„დანიაში გვქონდა პატივი, მაღალი დონის ანტიკორუფციულ კონფერენციაზე წარვმდგარიყავით, სადაც ყველა − და ეს მინდა, ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ იცოდეს − მოიხსენიებდა საქართველოს როგორც წარმატებულ ქვეყანას; აქებდა, პირდაპირი გაგებით, ქართველ ხალხს ძალისხმევისთვის, რომელიც მან გასწია, რომ ყოფილიყო სწორ გზაზე მდგარი ქვეყანა. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს არის ჩვენი უცხოელი მეგობრების და პარტნიორების სიტყვები. საქართველოს და ქართველ ხალხს ამ კონფერენციაზე აქებდნენ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, როგორიც არის: მსოფლიო ბანკი, ევროპული რეკონსტრუქციის ბანკი, ჩვენი რეგიონიდან ქვეყნები და სხვა შორეული რეგიონიდან ქვეყნები, მაგალითად, როგორიც არის არგენტინა. არავინ დაიშურა ამ კონფერენციაზე ქართველი ხალხისადმი და საქართველოსადმი ქება და კეთილი სურვილები და მე მქონდა პატივი, რომ საქართველო ამ კონფერენციაზე წარმომედგინა. ერთადერთი, ვინც აუდიტორიაში ფეხზე წამოდგა და საქართველოს ლანძღვა დაიწყო, ეს იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელმაც თქვა, რომ არ დაიჯეროთ, საქართველო არ არის წარმატებული ქვეყანა. და მე მინდა, მათ დავპირდე და ბევრ სხვასაც, რომ იქ, სადაც ვიქნები მე, იქნებიან ჩვენი მთავრობის სხვა წევრები, რა თქმა უნდა, ყოველთვის შევეწინააღმდეგებით იმას, რომელიმე ადამიანმა − იქნება ეს ქართველი თუ უცხოელი − საერთაშორისო ფორუმზე გალანძღოს ჩვენი ქვეყანა. ამას მე იქაც წინ აღვუდექი, მაქსიმალურად შევეცადე, რომ ეს ყოფილიყო მოკლე პასუხი და იმედი მაქვს, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე გარკვეული პროცესები არ იქნება ხოლმე მავანთა მიერ გამოყენებული იმისათვის, რომ ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო გალანძღონ და დააკნინონ უცხოელი პარტნიორების თვალში. ეს არ არის სწორი ქცევა. მე არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, როდესაც, მაგალითად, ბატონი ონიანი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხმას იმაღლებდა იქ, სადაც მუშაობდა − თუ არ ვცდები, ომბუდსმენის ოფისში თუ სხვაგან − იმის წინააღმდეგ, რაც ხდებოდა ქეყანაში. მე არ მახსენდება, ეს ადამიანი მაშინ დანიაში ან სხვა ქვეყანაში გამოსულიყო ხმამაღლა იმ სისასტიკეების წინააღმდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. ამიტომ ჩვენ გვესმის, მე მესმის, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“ არის პოლიტიკურ პროცესში ჩართული, მაგრამ პოლიტიკასაც აქვს თავისი წესები და მთავარი წესი და წითელი ხაზი გადის საკუთარ სამშობლოზე, და ამ სამშობლოს ლანძღვას არც მომავალში ვაპირებ, ავიტანო“.