არხილოსკალოს საზოგადოებრივი ცენტრი დღეს გაიხსნა

20/07/2016

სახელმწიფო სერვისების კომფორტულ გარემოში მიღება ამიერიდან არხილოსკალოშიც იქნეება შესაძლებელი. არხილოსკალოს საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გახსნა.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ რიგითი მოქალაქეები, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ პაპიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
საზოგადოებრივ ცენტრში საბათლოს, ფიროსმანის, სამთაწყაროს, ქვემო ქედის, არხილოსკალოსა და ზემო ქედის მოსახლეობას საჯარო და ყველაზე რეინტინგული კერძო სექტორის სერვისებით სარგებლობის საშუალება ექნება. ამასთან, მოქალაქეები ადგილზე მიიღებენ ,,ლიბერთი ბანკისა“ და ,,მაგთიკომის ” მომსახურებას. ცენტრში იმუშავებს ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა კი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სამოქალაქო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.
დღესვე თეა წულუკიანმა 13 ადგილობრივს ელექტრონული პირადობის მოწმობები გადასცა. ელექტრონული პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის აქცია 15 ივლისს დაიწყო და 15 სექტემბერს დასრულდება.
არხილოსკალოს საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოში რიგით ოცდამეთხუთმეტეა და ამ ეტაპისთვის 5 ადგილობრივია დასაქმებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0