აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის ღონისძიება ჩატარდა

30/03/2017

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის გამართულ გასართობ-შემეცნებით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. მთაწმინდის პარკში შეკრებილ 40 ბავშვს სხვადასხვა გასართობ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა. პატარებმა მთაწმინდის პარკის თოჯინების თეატრის წარმოდგენა „წითელქუდა“ იხილეს, რის შემდეგაც ფერადი ცარცებით ასფალტი მოხატეს. აუტისტური სპექტრის მქონე პატარებმა ასევე დისნეის მულტფილმის ცნობილ გმირებთან ერთად იმხიარულეს და სხვადასხვა ატრაქციონებზე გაერთნენ. ღონისძიების დასასრულს პატარებმა მთავარი პროკურორის მოადგილესთან გიორგი გოგაძესთან ერთად ტორტი გაჭრეს და ბუშტები გაუშვეს. აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის ღონისძიება მთავარი პროკურატურის ორგანიზებით გასულ წელსაც განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მხარდაჭერას უცხადებს აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებს, დაიცავს მათ კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საზოგადოების ცხოვრებაში მათ თანასწორ და სრულფასოვან მონაწილეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0