აუცილებელია გამოცდილების გაზიარება

13/11/2017

„ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მხარის ინტერესი იმ საკითხების მიმართ, რომელიც სერბეთის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის, ინტეგრაციის პროცესებს, ჩვენს მიერ გადაგმულ ნაბიჯებს უკავშირდება. აუცილებელია გამოცდილების გაზიარება, რაც კიდევ უფრო მეტად წაადგება ჩვენი ქვეყნების ევროპასთან დაახლოებას“-განაცხადა სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოკსიმოვიჩმა ევროპულ და ევროატლანტკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრთან ვიქტორ დოლიძესთან შევედრაზე. შეხვედრა 13 ნოემბერს, ქ.ბელგრადში, სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
იადრანკა იოკსიმოვიჩმა იმ გამოწვევებსა და სირთულეებზე ისაუბრა, რაც სერბეთმა გაიარა ევროკავშირის კანდიდატობამდე მიმავალ გზაზე. აგრეთვე, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო მინისტრს ევროკავშირთან საკანონმდებლო და პრაქტიკული დაახლოების პროცესში მიმდინარე სამუშაოებსა და მიღწევებზე. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიული კომუნიკაციისა და საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს, იადრანკა იოკსიმოვიჩმა და ვიქტორ დოლიძემ განცხადებები გააკეთეს ადგილობრივ მედიასთან. სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა დაადასტურა სერბეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა, აგრეთვე, გამოთქვა მზაობა საქართველოს ევროპული მისწრაფებების ხელშეწყობის თაობაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0