აქსელერაციის პროგრამა 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება

05/08/2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა 500 Global-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თამახმად 500 Global-ი ოთხი წლის განმავლობაში სტარტაპებს საქართველოში გადაამზადებს.

„საქართველოში პროფესიონალი და გამოცდილი აქსელერატორის მონაწილეობით ადგილობრივ სტარტაპ კომპანიებს საშუალება ეძლევათ იყვნენ უფრო წარმატებული და კონკურენტუნარიანი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აქსელერაციის პროგრამა 4 წლის განმავლობაში გაგრძელდეს, რაც გულისხმობს აქსელერაციის ეტაპზე გადასული სტარტაპების 8 ეტაპად მომზადებას, მათ შორის საერთაშორისო სტარტაპერების“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ.

გლობალური დონის აქსელერაციის პროგრამა წელიწადში ორჯერ ჩატარდება და სტარტაპებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალება ექნებათ, გაიარონ გადამზადების ინტენსიური კურსი, რომელიც დემო დღით დასრულდება. დამატებით, ყოველი კოჰორტის გამარჯვებული სტარტაპი, 500 Global-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
2020-2021 წლის განმავლობაში 500 Global-მა საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა ჩაატარა, რომელიც ჯამში 30-მა ქართულმა და საერთაშორისო ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გაიარა. მათგან ოთხი სტარტაპი – CARDEAL, Cargon, Payze, Agrolabs – სილიკონის ველზე გაემგზავრა პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობისთვის, რაც ახალი კონტაქტების დამყარების და ინვესტორებთან დაკავშირების აქტივობებს მოიცავდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0