აღჭურვილობა სამედიცინო დაწესებულებას ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცა

20/09/2023

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის, ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტის “ვალეს ჯანმრთელობის ცენტრისთვის” სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიალს დაესწრო. 66 823 აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა სამედიცინო დაწესებულებას ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცა. ადგილობრივი მოსახლეობისათვის, სწრაფი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გასაწევად, ახალციხის მუნიციპალიტეტმა საჩუქრად, ძვირადღირებული ულტრაბგერითი კვლევის აპარატი, ელექტროკარდიოგრაფის აპარატი, ბიოქიმიური და იმუნოფერმენტული ანალიზატორები მიიღო. აღჭურვილობის გადაცემის პროცესს სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლები, კაპიტანი ტრევის სვაფორდი, პირველი კლასის სერჟანტი რობ პიტერსი, შტაბის სერჟანტი მეგან სტაუდენმაიერი, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერი მარიამ კობახიძე, ორმხრივი ურთიერთობის პროცესების მენეჯერი ნინო ყიფიანი, ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული დახმარების მიზანია ვალესა და მიმდებარე სოფლის მოსახლეობისთვის ადგილზევე მოხდეს დამატებით ისეთი სერვისების მიწოდება, როგორიცაა ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0