საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია, რომელშიც შედიოდნენ აშშ-ს არმიის „ომის კოლეჯის“ სტრატეგიული დეპარტამენტების პროფესორები: პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი, პოლკოვნიკი დოუგ დოუდსი, პოლკოვნიკი მაიკლ მარა და პოლკოვნიკი ედუარდ კაპლანი.
ვიზიტის ორგანიზება განხორციელდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის მხარდაჭერა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით, ამერიკული მხარის წარმომადგენლები ქართული სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში ინტენსიურად იყვნენ ჩართული საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის შემუშავების პროცესში.
მოხდა თავდაცვის სფეროში აშშ-ს მდიდარი გამოცდილებისა და პროფესორთა პირადი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების საფუძველზე გაკეთებული რეკომენდაციების გაზიარება.
ვიზიტის მიმდინარეობისას, აშშ-ს დელეგაციის წევრებს ეროვნულ სიტუაციურ ოთახში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ უმასპინძლა. შეხვედრისას მდივანმა სამუშაო ჯგუფს მადლობა გადაუხადა თავდაცვის დაგეგმვის სფეროში საქართველოს მხარდაჭერისათვის.