აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს 17 ტრაქტორი და პერსონალური დამცავი აღჭურვილობა გადასცა. სპეციალიზებული ტექნიკის და აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა. ღონისძიებას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი დაესწრო.
ამერიკელი დიპლომატი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილესთან ნოდარ კერესელიძესთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად, საკოორდინაციო შტაბში ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო და მობილიზებული ტექნიკა დაათვალიერა.
მონაწილეების მიერ ხაზგასმით აღინიშნა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების მნიშვნელობა მავნებელთან ბრძოლის პროცესში.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) ფარგლებში, მავნებელთან ბრძოლის მხარდამჭერ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის გაწეული ტექნიკური დახმარების მეშვეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა და ფუნქციონირებს მონიტორინგის სისტემა, რომელიც ხელს უწყობს მავნებლის გავრცელების არეალის დადგენას; პროექტის ფარგლებში, ჩატარდა სწავლებები; მათვე უზრუნველყვეს მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მოწვევა და ჩართულობა.
ელიზაბეთ რუდი -აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი :
„ჩემთვის დიდი პატივია, დღეს რომ აბაშაში ვიმყოფები. მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით ვეხმარებით ფაროსანასთან ბრძოლაში. სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს ტექნიკა, მონიტორინგის სისტემა და აღჭურვილობა. დამატებით კიდევ გადავეცით 17 ახალი ტრაქტორი, რომელიც აღჭურვილია პესტიციდების გაფრქვევის უსაფრთხო სისტემით. ეს მავნებელი გავრცელებულია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რომ მისი სრული განადგურება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი კონტროლი“.