აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

09/06/2017

ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად დღეს გაიხსნა. სეზონის გახსნის ღონისძიება სიმბოლურ ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა საზაფხულო აქტივობების პოპულარიზაციას. „ზაფხული იწყება აქ“ – ამ სლოგანით და მოწოდებით აჭარა რეგიონში ჩამოსულ ტურისტებს სიახლეებს და სასიამოვნო დასვენებას ჰპირდება. სეზონის გახსნას აჭარის მთავრობის ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად დაესწრო. იახტ-კლუბის მიმდებარედ სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის წევრები და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ. საზაფხულო დეკორაციებით მოწყობილ პლაჟზე, სტუმრების განწყობის ასამაღლებლად, ელექტორნული მუსიკის შემსრულებლები ზრუნავდნენ. სეზონის გახსნაზე გაიმართა ველო მარათონი, ქუჩის რაგბი, მოეწყო ფრანების შოუ, წარმოდგენილი იყო ბაიკერების კლუბიც. მთელი დღის მანძილზე კლუბი „მანდარინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე უფასო შეზლონგები და ქოლგების აქცია მიმდინარეობდა. უფასო აქცია ვრცელდებოდა ასევე წყლის გასართობ საშუალებებზე. სეზონის გახსნის ღონისძიება განსაკუთრებით ლამაზი საღამოს საათებში გახდება, როცა პლაჟზე დაინთება კოცონი და იახტ-კლუბის ტერიტორია განათდება ჩირაღდნებით, ზღვის მხრიდან შემოსული იახტებითა და ახალი, ტურისტული გემით „Ajara Boat”. წლევანდელ ტურისტულ სეზონზე ახალი, 400 ადამიანზე გათვლილი სასეირნო გემი სარესტორნო და გასართობი სივრცეებით, მთელი ზაფხულის განმავლობაში მოემსახურება ტურისტებს. ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება აჭარის მთავრობისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0