აჭარის მთავრობის თავმდჯომარე უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა

01/12/2017

დღეს აჭარის მთავრობის თავმდჯომარის ხელმძღვანელობით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონის საკანონმდებლო ხელისუფლების – უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართულებით რეგიონში არსებული მდგომარეობის შეფასება და სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა იყო. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი ესწრებოდნენ.
აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ უმაღლესი საბჭოს წევრებს ის ხედვები და ინიციატივები გააცნო, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით მდგომარეობას გააუმჯობესებს. ზურაბ პატარაძემ დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ახალი ინიციატივის – საკოორდინაციო საბჭო შექმნის შესახებ. საკოორდინაციო საბჭოს აჭარის მთავრობის თავმდჯომარე უხელმძღვანელებს, რაც რეგიონში კრიზისების მართვას უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის. განსაკუთრებული ყურადღება ზურაბ პატარაძემ უსაფრთხოების კუთხით ადამიანური რესურსების გაძლიერებასა და ცნობიერების ამაღლებაზე გაამახვილა, რა მიმართულებითაც უნდა გატარდეს სპეციალური ღონისძიებები როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ისე კერძო სექტორში. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საგანგებო ვითარებაში ოპერატიული რეაგირება და სავალალო შედეგების მაქსიმალურად თავიდან აცილება, თუნდაც სპეციალური სამსახურების მოსვლამდე.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმდჯომარის დავით გაბაიძის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაძლოა, მოხდეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივების ინიცირება. ამასთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს, ბიუჯეტში გაითვალისწინონ ამ კუთხით გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებებისათვის საჭირო დაფინანსება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0