აჭარის საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა გაიმართა

26/01/2018

კულტურის სახლში აჭარის საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა გაიმართა. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიისწევრების გამოსვლამდე დარბაზში შეკრებილ მოსახლეობას, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და სფეროს წარმომადგენლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე მიესალმა და შეკრებილებს საჯარო განხილვაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა. აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საორგანიზაციო კომისიის წევრების წარდგენის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციასა და შესაბამის კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტზე ისაუბრა. საკონსტიტუციო ცვლილებებით კონკრეტდება ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და იზრდება მისი კომპეტენციები. დავით გაბაიძემ პარალელები გაავლო მოქმედი კონსტიტუციით განსაზღვრულ და ახალი კანონის პროექტით გათვალისწინებულ რეგულაციებს შორის, ისაუბრა ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო ორგანოებთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და პროექტით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან სიახლეებზე. კანონის პროექტზე თავიანთი პოზიციები და მოსაზრებები წარმოადგინეს საორგანიზაციო კომისიის წევრებმა – ვლადიმერ მგალობლიშვილმა, უმაღლესი საბჭოსა და საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, პეტრე ზამბახიძემ (დამოუკიდებელი დეპუტატი). შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0