აჭარის, სამეგრელოს, აფხაზეთისა და იმერეთის რეგიონების შემდეგ, წელს „ილიაობას“ გურიამ უმასპინძლა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, „ილიაობის“ დღესასწაული მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა. გაიმართა ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ანსამბლებისა და სხვა შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი. ღონისძიებების მსვლელობის პარალელურად მუზეუმში მოეწყო ხელნაკეთი ნივთების, გამომცემლობა „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ წიგნების გამოფენა – გაყიდვა.
ილიას მუზეუმი 2014 წლიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობს და ერთი დღით ისინი ხდებიან საგურამოს სახლის მასპინძლები ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო და მისი სახლი სრულიად საქართველოს სახლია.
ღონისძიება გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას „ილიაობის“ დღესასწაული მიულოცა.
„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო „ილიაობა“ – ელია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღე. წელს პატივი გვერგო, გავმხდარიყავით საგურამოს სახლის მასპინძლები და ეს ჩვენთვის ორმაგად სასიახრულოა. „ილიაობა“ ეროვნული დღესასწაულია და უკვე მეხუთე წელია საგურამოს მუზეუმი ყოველი წლის 2 აგვისტოს განსაკუთრებულად აღნიშნავს. ილიას ღვაწლზე, მოღვაწეობაზე, ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ. მისი ყოველი ნაბიჯი და ქმედება იყო გამიზნული იმისკენ, რომ გაძლიერებულიყო ქართული სახელმწიფო. ილიას დამსახურებაა ისიც, რომ ჩვენს საზოგადოებაში გაღვივდა ეროვნული თვითშეგნება, სახელმწიფოებრივი აზროვნება. სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია, განსაკუთრებულად დავაფასოთ უდიდესი ქართველის მოღვაწეობა და ვიცხოვროთ ისე, როგორც ილიას მოეწონებოდა“.
„ილიაობის“ დღესასწაულის აღსანიშნავად საგურამოს სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრნენ უმრავლესობის ლიდერი – ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, გუბერნატორის მოადგილეები, გურიის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, მწერლები, პოეტები და სხვა საზოგადო მოღვაწეები.

Visited 218 times, 1 visit(s) today