ახალდაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დასრულდა

05/12/2017

დაბა ახალდაბაში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, რიკაძეების უბანში და რუსთაველის ჩიხში დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. მასშტაბური პროექტის მიხედვით, ვაჟა-ფშაველას ქუჩის I და II მონაკვეთებზე ასფალტობეტონის საფარი 800 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე დაიგო, რიკაძეების უბანში და რუსთაველის ჩიხში კი რკინა ბეტონის გზა ჯამში 534 მეტრზე მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ დაბა ახალდაბაში სამუშაოები დასრულდა აღმაშენებლის ქუჩაზე და კაპანაძეების უბანში. შიდა გზებზე განხორციელდა ასევე ორმოულების შეკეთების სამუშაოები. არსებულ ქუჩებზე გზის მოწყობის სამუშაოები არასოდეს განხორციელებულა. მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტის გზით უწევდა სარგებლობა. დღეს კი ადგილობრივებისათვის გადაადგილება უსაფრთხო და გაცილებით კომფორტულია. საკურორტო ზონაში ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტია და ამ მხრივ სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0