ახალი სასწავლო წლიდან თბილისში 5 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ამუშავდება და 1500-მდე აღსაზრდელს მიიღებს

02/08/2017

ახალი სასწავლო წლიდან თბილისში 5 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ამუშავდება და 1500-მდე აღსაზრდელს მიიღებს.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად „ბაღების კვირეულის“ ფარგლებში თბილისის მასშტაბით ახალი აშენებული ბაგა-ბაღები მოინახულა.
ისინი ეწვივნენ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის №19-ში მდებარე ახალ №25 საბავშვო ბაგა-ბაღს (ყოფილი რკინიგზის მე-3 ბაღი), დაათვალიერეს ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩა №6-ში მდებარე ახალი 69-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა, რომელიც 2016 წლის ბოლოს დაიწყო; ნაძალადევის რაიონში, ურეკის ქუჩა №4-ში აშენებული ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც სექტემბრიდან მიიღებს აღსაზრდელებს.
ასევე, მოინახულეს თბილისის ტერიტორიას შემოერთებულ სოფელ გლდანში ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო.
„ჩვენს ხელისუფლებას ორმოცდაათი ბაღი დაგვხვდა დახურული და შენობები გასხვისებული, ბოლო სამ წელიწადში დაიწყო ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ეტაპი და ამ ხნის მანძილზე საფუძველი ჩაეყარა 25 ახალ საბავშვო ბაღს. რითაც, საერთო ჯამში, 6 ათასზე მეტი ბავშვისთვის გაჩნდა ახალი საგანმანათლებლო სივრცე. სკოლამდელ ასაკში ჩადებული ინვესტიცია არის უმნიშვნელოვანესი, როგორც განათლების, ასევე ბავშვების განვითარების კუთხით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია ქვეყნებისთვის ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და შემდგომი კეთილდღეობის საქმეში. მიხარია, რომ ჩვენ გვაქვს ნამდვილად საამაყო და განსაკუთრებით აღსანიშნავი შედეგები საბავშვო ბაღების სისტემაში თბილისის მასშტაბით,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0