ახალი საწარმო, რომელიც ოზურგეთში გაიხსნება, ტანსაცმელს ZARA-ს MANGO-ს, MASSIMO DUTTI-ს და სხვა ცნობილ ბრენდებს შეუკერავს

31/08/2017

350-მდე ადამიანი დასაქმდება საფეიქრო/ტექსტილის ახალ საწარმოში, რომელსაც შპს „ოზურგეთი გარმენთი“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ოზურგეთში შექმნის. პროექტის განსახორციელებლად კომპანიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთში, კ.მეგრელიძის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა.
შპს „ოზურგეთი გარმენთ“-ის დამფუძნებელი ფლობს საფეიქრო საწარმოო ქსელს „BAYKANLAR”, რომელიც თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიც არიან ZARA, MANGO, MASSIMO DUTTI და ა. შ.
ახალი საწარმო წლიურად არანაკლებ 2 მლნ. ერთეული ჯინსის ქსოვილის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. სამკერვალო ფაბრიკის ასაშენებლად 1,7 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და დამატებით 350-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.
სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 287 სხვადასხვა მიმართულების პროექტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0