ბაზალეთში ბუნებრივი აირი ჩაირთო

12/09/2017

სოფელ ბაზალეთში, „სოკარ-ჯორჯია გაზის“ იმერეთის რეგიონის ზესტაფონის ფილიალის მენეჯერმა ლევან აბაშიძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, მალხაზ ფხალაძემ და ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვარლამ ჭიპაშვილმა, ბუნებრივი აირი, სიმბოლურად, ჟუჟუნა ნანიტაშვილის ოჯახში აანთეს.
ლევან აბაშიძის ინფორმაციით, დღეს, პირველ ეტაპზე, ბაზალეთის 35 ოჯახი გამრიცხველიანდა. „მუშაობას ვაგრძელებთ და იმ დაპირებას, რომ წლის ბოლომდე ხარაგაულის ექვსივე სოფელი იქნება გაზიფიცირებული, ვასრულებთ. ხუთშაბათს თეთრაწყაროს ნაწილს ჩავრთავთ, ბაზალეთშიც პარალელურად გრძელდება მუშაობა და სხვა უბნებიც ჩაირთვება. შემდეგ გადავალთ ჩხერსა და ახალსოფელში“- განაცხადა ლევან აბაშიძემ.
არჩილ მაღრაძემ დღევანდელი დღე ბაზალეთის მოსახლეობას ქალბატონი ჟუჟუნას ოჯახიდან მიულოცა და აღნიშნა, რომ გზა და ბუნებრივი აირი სოფელში, არის მთავარი კომპონენტები სოფლის განვითარებისთვის და ეკონომიკურად ძლიერი ოჯახების არსებობისთვის რეგიონებში.
ჟუჟუნა ნანიტაშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანიის თანამშრომლებს და ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ეს დაუჯერებელი ამბავი რეალობად აქციეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0