ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის საბილეთო სისტემაში სიახლეებია

19/09/2017

მუნიციპალური ტრანსპორტის საბილეთო სისტემაში სიახლეებია. სარგებლობიდან ამოღებულია ორი კატეგორიის ბილეთები, რომლებიც სამგზავრო პლასტიკური ბარათებით ჩანაცვლდა. ავტობუსის ბილეთები გარეთ აღარ გაიყიდება, ბილეთის შეძენა შესაძლებელია ავტობუსებში 80 თეთრად.
მგზავრობის საფასურის გადახდა პლასტიკური ბარათებითაა შესაძლებელი, რომელთა მიღებაც მგზავრებს უფასოდ შეუძლიათ. პლასტიკური ბარათები კატეგორიების მიხედვით იყოფა: სტანდარტული ბარათი – BATUMI CARD, ასევე, შეღავათიანი ბარათი, რომლით სარგებლობა შეუძლიათ პენსიონერებს, პედაგოგებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს. აღნიშნული ბარათების მიღება შესაძლებელია ,,მეტრო სერვის +“ -ის სერვის ცენტრში, ვახტანგ გორგასლის ქ. №55–ში. შეღავათიანი ბარათის მფლობელთათვის მგზავრობის ტარიფი შეადგენს 0,15 ლარს. ხოლო ბათუმის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს, ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და 0-70000 ქულის მქონე ბენეფიციარებს მგზავრობა შეუძლიათ ნულოვანი ტარიფით. ასევე ძალაშია სტუდენტური ბარათი – STUDENT CARD, რომლის მიღება შესაძლებელია EXPRESS BANK-ის სერვის ცენტრებში და მოსწავლის ბარათი – SCOOL CARD, რომლის მიღება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფილიალებში. სტუდენტური ბარათის მფლობელთათვის მგზავრობის ღირებულება 0,15 ლარს შეადგენს, მოსწავლეებს კი, მგზავრობა უფასოდ შეუძლიათ.
ამ ეტაპზე მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ყველა უკონტაქტო ბარათით, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო ფუნქცია, ასევე, თბილისის ტრანსპორტში გამოყენებადი ყველა ტიპის ბარათით. აღნიშნული ბარათებით სარგებლობისას მგზავრობის ღირებულება სტანდარტულად 0,30 ლარს შეადგენს.
განახლდა ბათუმის ავტოტრანსპორტის ვებგვერდიც – batauto.ge, რომელზეც ქალაქის ტერიტორიაზე მოძრავი ყველა მუნიციპალური ავტობუსის გადაადგილების ნახვა ლაივ-რეჟიმშია შესაძლებელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0