აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თბილისში დაესწრო პრეზენტაციას “საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარება – მინერალური სასუქების ტრანსპორტირება ცენტრალური აზიიდან“. პრეზენტაცია ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა და საერთაშორისო ლოჯისტიკურმა კომპანიამ Wondernet Exspress-მა გამართეს. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა მინერალური სასუქების სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას. ასევე გაიმართა კომპანია ‘’Wondernet Express”- ის და “ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ პრეზენტაცია, წარმოდგენილი იყო ახალი ლოჯისტიკური დერეფნის კონცეფცია, მინერალური სასუქების ტრანსპორტირება შუა აზიის ქვეყნებიდან მსოფლიო ბაზარზე ბათუმის ნავსადგურის გავლით. კომპანია Wondernet Express გეგმავს თანამედროვე მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მინერალური სასუქების გადაზიდვის მიზნით. ეს ტერმინალი იქნება ახალი ლოჯისტიკური დერეფნის ნაწილი: ცენტრალური აზიიდან, აზერბაიჯანსა და საქართველოში, შემდეგ კი ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მეშვეობით შავი ზღვის გავლით ტვირთების გადასაზიდად. “ვონდერნეტ ექსპრესი“ გეგმავს 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას ბათუმის საზღვაო პორტში ტერმინალის ასაშენებლად. ეს დადებით გავლენას იქონიებს როგორც საქართველოს, ასევე სხვა, ახალი დერეფნის წევრი ქვეყნების ეკონომიკაზე და იგი გახდება უმოკლესი და ყველაზე ხელსაყრელი მარშრუტი ცენტრალური აზიიდან შავი ზღვის მიმართულებით. აღნიშნული პროექტი ხორციელდება “ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“, საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს მთავრობის აქტიური მონაწილეობით, ასევე მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ტრეიდერულ კომპანიასთან – Trammo AG-სთან პარტნიორობით. პროექტი ხელს შეუწყობს ისეთი საქონლის ტრანზიტისა და სატვირთო გადაზიდვების ზრდას, რომლებიც ადრე არ იყო დამახასიათებელი ამ მარშრუტისთვის. იგი დადებით გავლენას მოახდენს აჭარის ეკონომიკაზე და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. აღნიშნული პროექტის შემუშავებაში მონაწილეობენ ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და გემის დასატვირთი მოწყობილობებისა და სასაწყობე ტექნიკის მსოფლიოს უმსხვილესი მომწოდებლები.