ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოძალვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო

26/10/2017

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოძალვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულთა საქმის არსებითი განხილვა დაასრულა და ოთხივე მათგანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 376-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 03 საათზე, ბათუმში, რუსთაველისა და დუმბაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე დისკო-კლუბ „ვოგი“-ში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: ე. ბ., ე.ფ. და საქართველოს მოქალაქე მ.მ., თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: ა.ა.-ს და ი.ო.-ს, ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, სძალავდნენ 9800 ლარს. იმავე ღამეს, დაახლოებით 03:30 საათზე, აღნიშნული პირები თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: მ.ი.-ს, ჰ.შ.-ს, ე.ქ.-ს და ა.დ.-ს ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, სძალავდნენ დიდი ოდენობით ქონებას – 17100 ლარს. აღნიშნული მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობილი იყო ამავე დისკო კლუბის მფლობელის, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ.- სთვის, მან დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.ბ., ე.ფ. და მ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა ჩადენილი ჯგუფურად) და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვა ჩადენილი ჯგუფურად დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) და დანაშაულთა ერთობლიობით ე.ბ.-სა და მ.მ.-ს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ცემისთვის და თვითნებობისთვის ნასამართლევ ე.ფ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5000 ლარი ჯარიმა განუსაზღვრა. ამავე განაჩენით, ს.ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) და 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0