„ბათუმის წყლის“ დირექტორმა თანამდებობა დატოვა

04/03/2016

რეგიონული განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ხმაურიანი სკანდალის შემდეგ “ბათუმის წყლის” დირექტორი ალექსანდრე მიქელაძე გამოძიების პერიოდში თანამდებობიდან გადადგა.
“საქარველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი, ბათუმში მომხდარ სავარაუდო ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც კომპანია შპს “ბათუმის წყლის” დირექტორს ალექსანდრე მიქელაძეს უკავშირდება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ესაუბრა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქმეს იძიებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი. რაც შეეხება ალექსანდრე მიქელაძეს, გამოძიებისა და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მან გამოძიების პერიოდში თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მიქელაძის განცხადება დააკმაყოფილა” – ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმის წყლის” დირექტორის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ალექსანდრე მიქელაძის თანამდებობიდან სასწრაფოდ გადაყენება მოითხოვა დღეს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ნოდარ ჯავახიშვილის უწყებას საკითხის დეტალურად გარკვევა დაავალა.

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა ყველა საჯარო მოხელეს, იყვნენ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბათუმის წყლის” დირექტორ ალექსანდრე მიქელაძეს ერთ-ერთმა რესტორანმა ბათუმში სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზა. ის რესტორნიდან გაბრაზებული წავიდა. რამდენიმე წუთში კი რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0