ბათუმში სანიაღვრე სატუმბი სადგური აშენდება

20/12/2017

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მე-3 ფაზის ფარგლებში, დღეს, ბათუმის მერიაში ტენდერში გამარჯვებულ თურქულ კომპანია ,,ეჯიტაშთან“ ორ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. პროექტის ფარგლებში, არდაგანის ტბის მიმდებარედ ევროპული სტანდარტების შესაბამისი სანიაღვრე სატუმბი სადგური აშენდება. მშენებლობა 2018 წლის მარტში დაიწყება და 2020 წელს დასრულდება. ხოლო ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდება.

გარდა ამისა, უკვე მიმდინარეობს გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო სატენდერო პროცედურები.

დღეის მდგომარეობით, ჯავახიშვილისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების სანიაღვრე არხები ამორტიზებულია. რეაბილიტაციის შემდეგ, ე.წ. ჭაობის დასახლების სანიაღვრე წყლები ახალი სანიაღვრე სატუმბი სადგურის გავლით ზღვაში შეუფერხებლად ჩაიღვრება, რაც უხვი ნალექის დროს ქუჩების დატბორვის პრობლემას სრულად აღმოფხვრის.

სატუმბი სადგურის მიმდებარედ, ასევე, მოეწყობა მიწისქვეშა 3000 კუბ.მ. შემაკავებელი ავზი, რომელიც უხვი ნალექის პირობებში სატუმბი სადგურის სათანადო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისათვის KFW ბანკმა 14 მილიონი ევრო გამოყო, 7 მილიონი ევრო გრანტის სახით და 7 მილიონი ევრო – შეღავათიანი სესხი.

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მადლობა გადაუხადა კომპანიის წარმომადგენლებს ბათუმის მერიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა წარმატებული პარტნიორობის გაგრძელების თაობაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0