ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი და დამცველი კომისიის გაფართოებული გასვლითი სხდომა ჩატარდა

07/10/2017

ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი და დამცველი კომისიის გაფართოებული გასვლითი სხდომა ჩატარდა. ბათუმში მყოფ მეცნიერ-აკადემიკოსებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი შეხვდნენ. შედგა საინტერესო საუბარი ქვეყნისათვის ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, დემოგრაფიული პრობლემები, რელიგიისა და განათლების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალი თაობის განათლებისა და იმ პრიორიტეტების შესახებ, რომელთა წარმატებით განხორციელებაზე დამოკიდებულია ქვეყნისა და რეგიონის მომავალი. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ქვეყნის და მისი ცალკეული რეგიონების ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ეკოლოგიური საფრთხეების და სხვა პრობლემების გადაჭრის საქმეში მეცნიერთა წვლილი დიდია. მისი თქმით, მეცნიერთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების მოგვარებას რეგიონის თუ ქვეყნის მასშტაბით. შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და მადლობა გადაუხადა აკადემიის პრეზიდენტს, გიორგი კვესიტაძეს და ვიცე-პრეზიდენტს, როინ მეტრეველს ბათუმში ჩატარებული საინტერესო შეხვედრებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0