ბათუმში სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება

17/07/2017

სასტუმრო „რედისონში“ ლეონიძის ქუჩაზე ასაშენებელი სპორტული კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მშენებლობის ტენდერი მიმდინარე კვირაში გამოცხადდება. პროექტის მნიშვნელობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ისაუბრა. “ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენ ეს პირობა სპორტულ საზოგადოებას სულ რამდენიმე თვის წინ მივეცით და მოხარული ვარ, რომ დღეს უკვე გვაქვს კიდევ ერთი სიახლე – ახალი ეტაპი პროექტის განხორციელების კუთხით. კერძოდ, უკვე მზად არის პროექტის საბოლოო დოკუმენტი და მიმდინარე კვირაში უკვე მშენებლობის ტენდერი გამოცხადდება. მალე თითოეული სპორტის სახეობა, ახალ, ძალიან მაღალი დონის სპორტულ კომპლექსში განაგრძობს საქმიანობას, რაც ამ პროცესს ბუნებრივია კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. ჩვენთვის სპორტი და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა პრიორიტეტულია, ამ კუთხით აჭარაში არაერთი პროექტი ხორციელდება და ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ სფეროს კიდევ უფრო განვითარებას”- განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.
3400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე მოეწყობა და იქ სხვადასხვა სპორტული სახეობების სექცია განთავსდება: სპორტული ტანვარჯიშისა და მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი; ბ/რ ჭიდაობის დარბაზი; თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი; სპორტული ცეკვების დარბაზი; ჭადრაკის დარბაზი; ტაეკვონდოს დარბაზი; ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზი; უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი; კრივის დარბაზი. თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და საინვენტარო სათავსოები მოეწყობა. შენობას ასევე ღია ავტოსადგომი ექნება. კომპლექსი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
პროექტი სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს. 138 ადგილიან სასტუმროში, 42 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი განთავსდება. სპორტული კომპლექსის პროექტის მთლიანი ღირებულება 71 800 000 ლარია. შენობის პროექტირების თანხა 420 000 ლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.
შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი, სასპორტო სკოლის ხელმძღვანელი ირმა ნიჟარაძე, სხვადასხვა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები,სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0