ბათუმში შინდისის გმირების სახელობის სკვერი გაიხსნა

11/04/2016

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა ლერმონტოვის ქუჩის ბოლოს ახალი სკვერი გახსნეს. სკვერს, რომლის მშენებლობაც ახლახანს დასრულდა, შინდისის გმირების სახელი მიენიჭა.
ევროსტანდარტების შესაბამისად მოწყობილი პარკი ოთხ ჰექტარზეა გაშენებული. აქვეა განთავსებული 150 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, ადაპტირებული ატრაქციონები და პანდუსებიანი საპირფარეშო. ტერიტორიაზე მოწყობილია სადრენაჟო სისტემა, დაგებულია ფილები და ბორდიურები. ასევე დამონტაჟებულია გარე განათება და მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. ჯამში 7 ათასი კვ მეტრი ტერიტორია გამწვანდება. პარკში უკვე განთავსდა 90 საბაღე სკამი და მოეწყო სასმელი წყლის ფანტანები. პარკის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ 902 ათასი ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მონოლითი 2005” ასრულებდა.
აღნიშნული სკვერი უკვე მეოთხეა ბათუმში, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოეწყო. გასულ წელს 3 სკვერი მოეწყო ჯავახიშვილის, ფრიდონ ხალვაშისა და ბესიკის ქუჩებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0