ბაქო-თბილისი-ყარსის ქართული ხაზის ინსპექტირება წარმატებით დასრულდა

28/09/2017

„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა, ახალი სარკინიგზო ხაზის საშუალებით ყარსში მატარებლით ჩასვლა უკვე შესაძლებელია“ – ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა, რომელმაც თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმედ არსლანთან და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელ ჯავიდ ყურბანოვთან ერთად ახალი სარკინიგზო ხაზის ინსპექტირების მიზნით თბილისიდან კარწახამდე მატარებლით იმგზავრა. პროექტში მონაწილე სამი ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში მშენებარე ობიექტები და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს, მათ შორის თეთრიწყაროს და ახალქალაქის რეაბილიტირებული რკინიგზის სადგურები. გიორგი გახარიას შეფასებით, ამ დროისთვის უკვე შესრულებულია რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობის დაახლოებით 70 პროცენტი, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, მათ შორის ბოლო მონაკვეთზე დასასრულებელია ელექტროფიცირება, მოსამზადებელია საბაჟო, სანიტარული სამსახურები და ა.შ. „თუმცა, რკინიგზის საშუალებით დღეს თბილისიდან ყარსში ჩახვალ, რაც უკვე მისასალმებელია. ეს არის ტესტირების ეტაპი. კიდევ რა არის გასაკეთებელი სარკინიგზო ხაზის დროულად დასრულებისთვის, ამის დასადგენად დაახლოებით, 10 დღე დაგვჭირდება“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მარაბდა-კარწახის 180 კმ სიგრძის სარკინიგზო უბნის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია-მშენებლობა. პროექტი შედგება: მარაბდა-ახალქალაქის სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო უბნისგან – საექსპლუატაციო სიგრძით 153 კმ და ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის საზღვარი) – 27კმ სიგრძის ახალი სამშენებლო უბნისგან. როგორც ჩატარებულმა ინსპექტირებამ აჩვენა, ახალ სარკინიგზო ხაზზე აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთისკენ დაახლოებით ორ თვეში პირველი სატვირთო მატარებელი გაივლის. ახალი სარკინიგზო ხაზით შესაძლებელი იქნება ყველა სახის ტვირთის გადაზიდვა. გიორგი გახარიას ინფორმაციით, უკვე არსებობს დაინტერესება და რამდენიმე სერიოზული შემოთავაზება, მათ შორის, საკონტეინერო ტვირთებზე ყაზახეთის მხრიდან თურქეთის მიმართულებით. შემდგომი ეტაპი კი მგზავრთა გადაყვანა იქნება. საერთო ჯამში პროექტი წელიწადში 5 მლნ ტონა ტვირთბრუნვაზე (წელიწადში 15 მლნ ტონა ტვირთბრუნვის პერსპექტივით) და 1 მლნ. მგზავრთნაკადზე გათვლილი. გიორგი გახარიამ პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ ახალი სარკინიგზო ხაზი ქართული პორტების კონკურენტი ვერ გახდება, ამის დაბალანსება შესაძლებელია ფასით და ტვირთნაკადით. „ჩვენს თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ოფიციალურად განვუცხადეთ, რომ საქართველოს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო ყოველთვის დაიცავს ქართული პორტების ინტერესებს”, – აღნიშნა მინისტრმა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედების შემდეგ შეიქმნება ევროპა-აზიის ახალი დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტი. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის ამაღლებას და მის მაქსიმალურად გამოყენებას, ამასთან, პროექტი მნიშვნელოვანია რეგიონის სატრანსპორტო-სავაჭრო ჰაბად ჩამოყალიბების კუთხით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროექტის საერთაშორისო მნიშვნელობა შეაფასა – „აღნიშნული სარკინიგზო ხაზი ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. პრინციპულად ხარისხობრივად იცვლება ლოგისტიკა რეგიონში, ასევე რეგიონში კოორდინირების სისტემა და ის დიდი ვაჭრობა, რომელიცაა ყაზახეთსა და თურქეთს, ასევე ჩინეთსა და თურქეთს შორის, ამ სარკინიგზო ხაზით მისი ნაწილობრივი მომსახურება უკვე შესაძლებელია“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ. ამასთან, მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი იმაზეც იყო, რომ დროა მხარეებმა დაიწყონ ფიქრი მეორე ხაზზეც, რადგან გადაზიდვების პერსპექტიული მოცულობები საკმაოდ დიდია. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საერთაშორისო მნიშვნელობაზე ისაუბრა თურქეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ, რომელმაც პროექტს „ოცნების ახდენა“ უწოდა. მისი ინფორმაციით, პროექტის ამოქმედებას უკვე ბევრი მომხმარებელი ელოდება. „პირველ რიგში მინდა მივულოცო მთავრობებს, თურქ, ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს ამ დიდი მიღწევისთვის. ეს არამარტო დააახლოებს სამ ქვეყანას, არამედ ორ კონტინენტს – ევროპას და აზიას. ვაჭრობა და ტრანსპორტირება ამ ორ კონტინენტს შორის ყოველდღიურად იზრდება, ჩვენ უკვე გვყავს ძალიან ბევრი კლიენტი, რომელიც ამ სარკინიგზო ხაზს ელოდება“, – აღნიშნა ელჩმა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 100 გლობალურ პროექტს შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მსოფლიოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტად არის აღიარებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0