სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ასპინძაში რაგბის ბაზას ესტუმრა. გუბერნატორმა მორაგბეებისგან და სარაგბო კლუბ „ტაოს” პრეზიდენტ ირაკლი გვენეტაძისგან არსებული საჭიროების, მიღწევების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სარაგბო კლუბი „ტაო“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებმა დააფუძნეს.
მხარის გუბერნატორმა მზადყოფნა გამოთქვა ხელი შეუწყოს ყველა ინიციატივას, რომელიც ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ხელს შეუწყობს. ბესიკ ამირანაშილმა ხაზი გაუსვა ბოლო წლებში საქართველოში რაგბის განვითარების შედეგებს.
„რაგბის განვითარება გრძელდება, რომლის შედეგები განსაკუთრებით ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შესამჩნევია.
სპორტსმენებმა გვასახელეს და ჩვენი მორაგბეები პირველ ლიგაში კლუბის დაარსებიდან პირველად ითამაშებენ, მინდა წარმატებები ვუსურვო ხვალინდელ თამაშზე სპორტსმენებს” – აღნიშნა ბესიკ ამირანაშვილმა.