ახალციხის ცენტრალურ პარკში, 9 აპრილის მემორიალთან რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი, ქალაქ ახალციხის მერი,სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს 30 წლის წინ გარდაცვლილთა ხსოვნას.
გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა იოანემ. 30 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება ანსამბლი „მესხეთის“ და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. დღესვე ბესიკ ამირანაშვილი ადიგენში ახალციხის და ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატთან, ადიგენის მერთან, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი აქცია დაარბია, დაიღუპა 21 ადამიანი და ათასობით მოქალაქე დაშავდა.