ბესიკ ლოლაძის ვიზიტი ნატოს შტაბ-ბინაში

22/06/2016

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე ოფიციალურ ვიზიტად ბრიუსელში იმყოფება. ბესიკ ლოლაძე ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და სამინისტროს მიერ ინსტიტუციური რეფორმების წარმატებით განხორციელებასა და ნატო საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის და ხელისუფლების ურყევი, შეუქცევადი და უალტერნატივო არჩევანია. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ასევე შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის ეფექტიანობის გაზრდასა და პარლამენტთან აქტიურ თანამშრომლობაზე, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან თავდაცვის სამინისტროს ურთიერთობაზე და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით სამინისტროში მიმდინარე ინტენსიურ რეფორმებზე. ამ კუთხით მან პროფესიული განვითარების ახალი სისტემის დანერგვა, შეიარაღებული ძალების სამოქალაქო პერსონალის სამოქალაქო ოფისის მართვის ქვეშ მოქცევა, კეთილსინდისიერების ამაღლებისა და გენდერის პოლიტიკის გაძლიერება გამოყო.
ბესიკ ლოლაძემ სხდომის მონაწილეებს თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველო D (მაღალი კორუფციული რისკების ჯგუფიდან) კატეგორიიდან C კატეგორიაში (საშუალო კატეგორიის კორუფციული რისკების ჯგუფში) გადავიდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველო მაქსიმალურად იყენებს ნატოსთან თანამშრომლობის ყველა არსებულ მექანიზმს და ყურადღება არსებითი პაკეტის და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოზე სიტყვით ასევე გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია. მინისტრის მრჩეველმა თავდაცვის ინსტიტუციური სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლა წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, რეგიონის წარმომადგენლებისთვის. შოთა ღვინერიას განცხადებით, სკოლის წარმატებით ფუნქციონირებისთვის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების დახმარება უმნიშვნელოვანესია.
თავდაცვის ინსტიტუციური სკოლის პრიორიტეტებზე ისაუბრა საკუთარ გამოსვლაში პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმაც. მისი განცხადებით, შემუშავებულია სკოლის კონცეპტუალური დოკუმენტები და კურსების კატალოგი, დასრულების ფაზაშია ინფრასტრუქტურისა და მატერიალური ბაზის შექმნა და სკოლის ფორმალური გახსნა 28 ივნისს იგეგმება.
ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და ნატოს პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოს დირექტორმა ალბერტო ბინმა თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმები დადებითად შეაფასა და ქართულ მხარეს სკოლის დაარსება მიულოცა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნატოს პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოს უფროსთან ალბერტო ბინთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სამინისტროს მიერ კეთილსინდისიერების ამაღლების პოლიტიკის გაძლიერება და ამ კუთხით განცდილი პროგრესი განიხილეს. მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებასა და კიდევ უფრო გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0