ბიუროს მუდმივი გაძლიერება დარჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად

31/03/2024

საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ყველა განკარგულების გამოქვეყნების თაობაზე, რაც საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობაა.

„ასევე არაერთი კარგი მაგალითი ვაჩვენეთ იმისა, თუ როგორ უნდა იყოს ჩართული საზოგადოება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მომავალშიც საქმიანობას”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საერთაშორისო რეიტინგებზე, სადაც საქართველოს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით პოზიტიური მაჩვენებლები აქვს.

„კორუფციის კონტროლის” რეიტინგის მიხედვით საქართველომ 100%-იანი სკალიდან 73% მიიღო. ამ ინდექსით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 14 ქვეყანას, ხოლო კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში პირველ ადგილს იკავებს; „მმართველობის ეფექტურობის” რეიტინგში საქართველო დაწინაურდა და მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანაში მოხვდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოს; Global Risk Profile-ის (GRP) გლობალური კორუფციის ინდექსში (2023) საქართველომ კორუფციის დაბალი დონის სტატუსი მიიღო და რეგიონში ლიდერია; კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველომ კორუფციის კონტროლის ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა 10-ბალიანი სისტემით 7,56 ქულა მიიღო და 29-ე ადგილზე დაწინაურდა”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კორუფციული გადაწყვეტილებებისაგან სასამართლოს თავისუფლებით ინდექსში საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და რეგიონში უპირობო ლიდერია.

„მართლმსაჯულებაში ხელისუფლების ჩარევისგან თავისუფლების ინდექსით საქართველომ მსოფლიოში 27-ე, ევროპაში კი მე-9 ადგილი დაიკავა. უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით საქართველო დადებითი მოდელური ნიშნით შეფასდა, რეგიონში ლიდერობს და ევროკავშირის 3 და ნატოს წევრ 6 ქვეყანას უსწრებს. „მთავრობის კეთილსინდისიერების” ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 და ევროპის საუკეთესო 20 ქვეყანას შორის დასახელდა და ბოლოს, მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით საქართველო მსოფლიოში მე-13 ადგილზე, ხოლო ევროპის საუკეთესო ათეულშია, სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი – მსოფლიოში საუკეთესოა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს შედეგები კმაყოფილების საფუძველს იძლევა, თუმცა ხელისუფლება მიღწევებით არ კმაყოფილდება.

„საპარლამენტო გამოსვლისას გამოვხატე ჩვენი ამბიციური ამოცანა, რომ გვსურს ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუმცა სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში და ეს პოლიტიკური ნება არსებობს, აღნიშნული მიზანი სავსებით მიღწევადია და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით განსაკუთრებული როლი აკისრია. ირაკლი კობახიძემ ბიუროს ერთი წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში ანტიკორუფციული ბიურო აღიჭურვა სათანადო როგორც სამართლებრივი, ისე ინსტიტუციური გარანტიებით, რაც მას კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლის შესაძლებლობას ანიჭებს.

„ბიუროს მუდმივი გაძლიერება დარჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად. ამ მიზნით ახლაც ხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტში და მომავალშიც, რა თქმა უნდა, მთელი ყურადღებით მივუდგებით ამ მნიშვნელოვან ამოცანას, რასაც ჰქვია ბიუროს შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება. პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა დავუდასტურო ანტიკორუფციულ ბიუროს თანადგომა, ჩვენი მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ ბიუროს საქმიანობა, ჩვენი ამბიციური მიზნების მიღწევაში ძალიან დაგვეხმარება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ანტიკორუფციული ბიუროს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0