ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს

29/01/2018

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

მიმდინარე კვირაში, კომიტეტები პირველი მოსმენით განიხილავენ საქართველოს მთავრობის ინიციატივას „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შესახებ კანონპროექტს.

საპარლამენტო კომიტეტების ფორმატში განიხილება ასევე „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე პროეტთა პაკეტი, რომელიც 13 დოკუმენტს მოიცავს.

აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივებზე მომავალ სასესიო კვირაში პლენარული სხდომა იმსჯელებს.
დღევანდელ სხდომაზე ბიურომ ასევე იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზე, მათ შორის, ახალი ფრაქციების შექმნის გამო, კომიტეტებში, კვოტების გადანაწილებისა და პერსონალური შემადგენლობის ცვლილებების თაობაზე.

ბიურომ ცნობად მიიღო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო წინადადებასტან დაკავშირებით.

ბიურომ ასევე ცნობად მიიღო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2017 წლის დეკემბერში გაწეული მუშაობის ანგარიში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (სოფიო ქაცარავა,ირინა ფრუიძე, ირაკლი ბერაია, ირაკლი შიოლაშვილი ) ვიზიტის ანგარიში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0