ბიუროს წევრებმა 29 ნოემბერი – 1 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს

28/11/2017

პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე კანონმდებლები ახალ სახალხო დამცველს აირჩევენ.
აღნიშნულ თანამდებობაზე ასარჩევად საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციების თავმჯდომარეებმა ნინო ლომჯარიას კანდიდატურა წარადგინეს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სასურველია, რომ სახალხო დამცველის კანდიდატი შეხვდეს ყველა პოლიტიკურ ჯგუფს პარლამენტში.
აღსანიშნავია, რომ ნინო ლომჯარია არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მიერ დასახელებულ ოთხ კანდიდატურას შორის ერთერთია.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესი უფრო გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო. ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ კონსულტაციები საპარლამეტო უმცირესობასთანაც უნდა გამართულიყო. მისი განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები სახალხო დამცველის არჩევისას კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ და აქვე აღნიშნა, რომ პიროვნულად, ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ ნინო ლომჯარიას.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კანდიდატურების შერჩევის პროცესი იყო გამჭვირვალე და ყვეელა კანდიდატი თანაბარ პირობებში იმყოფებოდა. პრიორიტეტული იყო, რომ კანდიდატურასთან დაკავშირებით თანხმობა სამოქალაქო სექტორთანაც ყოფილიყო. მისი თქმით, ნინო ლომჯარიასთან შეხვედრა აუცილებლად გაიმართება და სახალხო დამცველის ინსტიტუტის მომავლთან დაკავშირებით მის ხედვას მოისმენენ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნინო ლომჯარიას კანდიდატურა შეირჩა არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორის მიერ წარმოდგენილი ოთხი კანდიდატურიდან, არამედ უმრავლესობამ შვიდი კანდიდატურა განიხილა. „ესაა პოლიტიკური პროცესი და ძალიან კარგია, რომ დაემთხვა ჩვენი და არასამთავრობო სექტორის მოსაზრებები. მიმაჩნია, რომ ლომჯარია იქნება ძალიან კარგი სახალხო დამცველი მას შემდეგ, რაც ის იქნება არჩეული“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
ბიუროს წევრებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზეც იმსჯელეს და განსაზღვრეს სავალდებული და წამყვანი კომიტეტები.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში შემოსულია კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. ცვლილება 111 კანონში ხორციელდება. კანონპროექტის განხილვა მიმდინარე კვირაში დაიწყება პარლამენტში. კანონპროექტის განხილვაზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა.
ბიურომ ასევე იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზეც და მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადების გაგრძელების თაობაზე.
საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძის კანდიდატურა წარადგინეს.
ოთარ კახიძე თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასაც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი კონტროლის მექანიზმს გამოიყენებს და ამ საკითხზე საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდიან.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ინფორმირებულობა ამ საკითხზე იქნება მყისიერად, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება. მისი თქმით, გამოძიება 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და არც ერთი კითხვა უპასუხოდ არ დარჩება.
„შემიძლია გითხრათ, რომ უსაფუძვლოა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ეჭვები, რომ რაიმე კითხვა პასუხგაუცემელი დარჩება. პირიქით, თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, მთლიანად მთავრობისა თუ პარლამენტის სურვილია, საზოგადოებამ ამ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს, თუმცა, ამასთანავე, ალბათ დამერწმუნებით, რომ გამოძიებას სჭირდება გარკვეული დრო, ფაქტების დასაზუსტებლად. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გამოძიება 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მადლობა პარტნიორებს, ვინც ჩართული არიან და გვეხმარებიან შესაბამისი ექსპერტიზით ამ პროცესში. ხვალ ნდობის ჯგუფს აქვს საორგანიზაციო სხდომა, სადაც ამ საკითხებზეც ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ასეთი ტიპის მოვლენების მიმართ მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, ბუნებრივია, მაღალია საპარლამენტო ინტერესიც. „მე ვფიქრობ, რომ ნდობის ჯგუფი არის საუკეთესო ფორმატი ასეთი საკითხების განსახილველად და როდესაც დაიგეგმება ნდობის ჯგუფის შესაბამისი სხდომა, იმედია მალევე გახდება შესაძლებელი ამ საკითხის განხილვა ამ ფორმატში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია ასევე რამდენიმე კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო სესიიდან 2017 წლის საშემოდგომო სესიამდე გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა.
ბიუროს შემდეგი სხდომა ქუთაისში, 29 ნოემბერს 11.30 საათზე გაიმართება, 12.00 საათზე კი პარლამენტის პლენარული სხდომა შედგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0