ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა საბერძნეთში მოღვაწე ქართველ ხელოვანთან სვეტლანა ქუქჩიშვილთან შეხვედრა გამართა

11/09/2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დღეს საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მხატვარ-რესტავრატორი სვეტლანა ქუქჩიშვილი მიიღო.
სვეტლანა ქუქჩიშვილმა მერს მისი გეგმები გააცნო. ის საბერძნეთში საქართველოს საკონსულოსთან ერთად ბოლნისში პერსონალური გამოფენის მოწყობას აპირებს. დავით შერაზადიშვილმა ხელოვანს ღონისძიების ორგანიზებაში დახმარება აღუთქვა. აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ მხატვარი საქართველოში დაბრუნებას და შემოქმედებითი მოღვაწეობის ბოლნისში გაგრძელებას აპირებს. მხატვარ-რესტავრატოსრის სურვილია ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს და მისი ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივ ხელოვანებსაც გაუზიაროს.
სვეტლანა ქუქჩიშვილი ბოლნისში დაიბადა. ქ. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ სწავლა სანქ-პეტერბურგში რესტავრაციის ფაკულტეტზე განაგრძო. ოთხი წლის განმავლობაში ის ერმიტაჟში მუშაობდა. საქართველოში, საბერძნეთსა და რუსეთში მას არაერთი პერსონალური გამოფენა აქვს მოწყობილი. აღსანიშნავია, რომ სვეტლანა ქუქჩიშილი ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის კედელზე არსებული პანოს ავტორია,სადაც ბოლნისის გერმანული სახლებია გამოსახული.ხელოვანმა ნამუშევარი 2014 წელს შექმნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0