გვინდა გამოვეხმაუროთ 6 ივლისს Bolnisi – LIFE-ის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ქალაქ ბოლნისში სასმელ წყალსა და ელექტრო ენერგიასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება. პირველ რიგში გვინდა გაცნობოთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტს ემსახურება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელიც არ გახლავთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული. მიუხედავად ამისა, ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს მჭიდრო კომუნიკაცია აღნიშნულ კომპანიასთან და დროულად ხდება მათთვის სხვადასხვა პრობლემატური საკითხის მიწოდება. წყალმომარაგების კომპანიამ ამ ეტაპზე დაასრულა ბოლნისის სასმელი წყლის სისტემების, ქალაქის რეზერვუარებისა და მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაცია. ამჟამად მიმდინარეობს საშიბერო (მარეგულირებელი) კამერისა და საქლორატოროს რეაბილიტაცია. ქალაქის ქსელი შედგება 6 საუბნო ზონისაგან, რომელთაც ამ ეტაპზე წყალი მიეწოდება 1 მარეგულირებელი ურდულიდან. ბოლნისის რელიეფიდან გამომდინარე, წყლის ძირითადი ნაკადი მაღალი წნევით მიედინება ქალაქის ქვედა ქუჩებზე, ხოლო ზედა ქუჩებზე წარმოიქმნება პრობლემა. საშიბერო (სარეგულაციო) კამერის აღდგენის შემდეგ, ქალაქის ქსელის 6-ვე საუბნო ზონას წყალი მიეწოდება 6 ინდვიდუალური ურდულიდან ცალ-ცალკე, რაც ქსელში წყლის არათანაბარ განაწილებას აღმოფხვრის. ცალკე პროექტად განხორციელდება ქალაქის დასავლეთი ნაწილის წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მშენებლობა, პროექტში გათვალისწინებულია მრავალსართულიანი კორპუსების სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციაც. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პროექტის სრულად დასრულების შემდეგ, ქალაქს წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ ექნება. წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბოლნისის 35 ქუჩაზე, საერთო სავარაუდო სიგრძით 16 კილომეტრი, ასფალტო ბეტონისა და ქვაფენილის საფარი მოეწყობა, რითაც ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება პრაქტიკულად დასრულდება. აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ მიმდინარე წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 52 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება საერთო ღირებულებით 7 მილიონი ლარი.
რაც შეეხება ბოლო დროს დაფიქსირებული ელექტრო ენერგიის შეფერხებით მიწოდებას, კერძო კომპანია ენერგო-პრო ჯორჯია მთელი წლის განმავლობაში, პერიოდულად ახორციელებს არსებულ ქვესადგურებში გეგმიურ სამუშაოებს, აბონენტთა ინფორმირება კი ხდება წინასწარ , მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.
Bolnisi – LIFE-ს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ასევე საუბარი იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტში უფასო პროფესიული სასწავლებლის (კოლეჯის) გახსნასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული საკითხი სცდება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება არჩევის დღიდან ფიქრობს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და არაერთხელ ჰქონია კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან , მათ შორის კერძო ფონდებთან. რამდენიმე წლის წინ, გერმანული ფონდი ,,ებერჰარდ შიოკი“ ბოლნისში სამშენებლო განხრით პროფესიული სასწავლებლის გახსნას გეგმავდა , მუნიციპალიტეტმა გამოთქვა მზაობა აღნიშნული პროექტისთვის სრული მხარდაჭერა აღმოეჩინა, შეირჩა შენობაც, თუმცა პროფესიული სასწავლების გახსნაზე გერმანულმა მხარემ თავი შეიკავა.
რაც შეეხება ახალგაზრდების მხარდაჭერას, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთადერთი თუ არა ერთ-ერთია, რომელიც წარჩინებულ და სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებს ყოველთვიურ სტიპენდიას ურიცხავს, ასევე ხდება წარმატებული სპორტსმენების წახალისებაც ყოველთვიურად და ერთჯერადად, სოლიდური ფულადი ჯილდოს სახით.
რაც შეეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, ის 26 222 000 ლარს შეადგენს, რომელიც გადანაწილებულია ძირითად პრიორიტეტებზე: ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, ექსპლუატაცია; კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; განათლება; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი არის საჯარო დუკუმენტი, რომლის ნახვაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე www.bolnisi.gov.ge, ასევე სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“-ს ვერ გვერდზე www.matsne.gov.ge .
ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სთავაზობს Bolnisi – LIFE-ის გვერდის ადმინისტრატორებს, საინიციატივო ჯგუფთან ერთად მიიღონ მონაწილეობა ღია დისკუსიაში, სადაც ნებისმიერ მათ მიერ დასმულ შეკითხვას ამომწურავ პასუხებს გასცემს მუნიციპალიტეტის მერი, მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირი, ასევე გაერთიანებული წყალმომარაგებისა და ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენელი.
ველით თქვენს გამოხმაურებას, მობრძანდით და ერთად განვიხილოთ მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა არის ხალხის მიერ არჩეული, ჩვენ გვაქვს თქვენს მიერ მონიჭებული ნდობის მანდატი, შესაბამისად, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული მმართველობა და მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის განცხადება
Visited 212 times, 1 visit(s) today