ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა წითელას ვაქცინაციისა და C ჰეპატიტის სკრინინგის აქციაში მიიღეს მონაწილეობა

12/04/2019

უფასო სამედიცინო აქცია, ბოლნისის მუნიპალიტეტის მერიაში, ბოლნისის ა(ა)იპ დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს მოუწოდა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში, აუცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია, რათა დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე გარშემომყოფთა ჯანმრთელობა.
წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია და C ჰეპატიტის სკრინინგი, აქციის ფარგლებში, ამ დროისთვის, 30-ზე მეტმა თანამშრომელმა ჩაიტარა.
ბოლნისის ა(ა)იპ დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრი აგრძელებს უფასო აქციებს და ყველა დაწესებულებას მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა, ხოლო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა, რომლის მიზანია C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში და ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების პრევენცია.

“მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა 2 სახის სამედიცინო უფასო აქცია, კერძოდ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია და C ჰეპატიტის სკრინინგი. მე პირადად, სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ჩავიტარე წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ასევე კიდევ ერთხელ გავიკეთე C ჰეპატიტის სკრინინგი, მოვუწოდებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ჩაიტარონ C ჰეპატიტის ლაბორატორიული კვლევა, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა იცოდეს თავისი სტატუსი C ჰეპატიტის მიმართ, რადგან ეს არის დაავადება რომელიც დაინფიცირების შემდგომ დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს ფარულად და მხოლოდ ღვიძლის უკვე სერიოზული დაავადებით გამოვლინდება.
დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს c ჰეპატიტის საუკეთეო პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია C ჰეპატიტის განკურნება და ეს ყველაფერი, როგორც ლაბორატორიული კვლევა, ასევე მკურნალობა მოსახლეობისათვის არის უფასო სახელმწიფო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით.
რაც შეეხება წითელას, გართულების შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს. მისი ერთადერთი პრევენცია არის ვაქცინაცია, ამიტომ საჭიროა დღეს თითოეულმა ჩვენთაგანმა ავიღოთ ჩვენი წილი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თუ ჯერ კიდევ არ ჩაგვიტარებია წითელას საწინააღმდეგო აცრა, ჩავიტაროთ აუცილებლად, რადგან ამით ვიცავთ არამარტო საკუთარ თავს, არამედ ჩვენს ირგვლივ მყოფთაც“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0