ბოლნისის საპატიო მოქალაქეები აირჩიეს

29/09/2019

„ბოლნისქალაქობა 2019“ -ის ფარგლებში, ტრადიციულად წელსაც,ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ბოლნისის საპატიო მოქალაქეები აირჩიეს. დაჯილდოების ცერემონია გალაკონცერტის დასრულების შემდეგ გაიმართა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის უმაღლესი ჯილდო წელს გადაეცათ:

1) აწ გარდაცვლილ “დინამო თბილისის“ ლეგენდარულ მეკარეს თამაზ სტეფანიას
1969 წელს თამაზ სტეფანია ჩაირიცხა თბილისის „დინამოს“ დუბლ შემადგენლობაში, მალევე მან კარიერა განაგრძო გორის „დილაში“. 1970 წელს კი თბილისის „დინამოს“ წევრი გახდა. სპორტსმენი იმდროისთვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეკარედ ითვლებოდა, რომელმაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. თამაზ სტეფანია ასევე მიწვეული იყო საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში. 1972 წელს ფეხბურთელი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. სპორტსმენის პატივსაცემად ბოლნისის ცენტრალურ სტადიონს და ქუჩას, სადაც ცხოვრობდა, თამაზ სტეფენიას სახელი მიენიჭა.
მედალი და საპატიო მოქალაქის სიგელი თამაზ სტეფანიას ოჯახის წევრს ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა და თამაზ სტეფანიას მეგობარმა ოთარ გაბელიამ გადასცა.

2) ილია დარჩიაშვილს
2017 წლიდან დღემდე ილია დარჩიაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია პოლონეთში. სწორედ მისი დამსახურებაა აზიის განვითარების ბანკის მიერ ბოლნისის კანალიზაციის სისტემის პროექტის გრანტით დაფინანსება. მის სახელს უკავშირდება ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტით სხვადასხვა მიმართულებებში ინვესტორების დაინტერესება და ინვესტიციების მოზიდვა, ბოლნისში გლობალური, მასშტაბური და აქტუალური პროექტების განხორციელება.

3) აწ გარდაცვლილ შოთა ქუტიძეს
იგი იყო ბოლნისის რაიკომის პირველი მდივანი 1951 – 1961 წლებში. მისი პროფესიონალიზმი და პიროვნული თვისებები დღემდე ახსოვთ ბოლნისელებს.

4) აწ გარდაცვლილ სოსო ლეთოდიანს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამედიცინო სფეროს განვითარება სწორედ მას უკავშირდება. ის 33 წლის განმავლობაში იდგა ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე, მის სახელთანაა დაკავშირებული იმ დროისათვის საუკეთესო აპარატურით და ინვენტარით აღჭურვილი საავადმყოფოს აშენება და გახსნა.

5) ლადო მინაშვილს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის პროფესორი. 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია – „ილია ჭავჭავაძის ლირიკა“, ხოლო, 1994 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე – „ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ასპექტები“, ის არის უნივერსიტეტის ილიას კაბინეტის მეცნიერ – ხელმძღვანელი, აგრეთვე ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის აკადემიკოს – მდივანი, ავტორია 100 -ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა დიდი ნაწილი წიგნებადაა დასტამბული და გამოცემული.

6) ნათელა გრიგოლიას
დამსახურებული პედაგოგს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარებაში. ის კატერინენფელდის ცოცხალი მემატიანეა. მოგზაური, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლი დღეს ბოლნისის კოლორიტად ითვლება.

7) ქეთევან ხეცურიანს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში პედაგოგიური საქმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, განათლების სფეროში ხანგრძლივი და წარმატებული სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ქეთევან ხეცურიანს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება“ მიენიჭა.

8) კობა ჟღენტს
ღირსების ორდენის კავალერს, ანსამბ „ბოლნელის“ ხელმძღვანელს, კობა ჯღენტს ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდება ბოლნისში ხალხური ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა.

9) ვაჟა ახვლედიანს
ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდება გადაეცა ანსამბლ „სიონის“ წევრს ვაჟა ახვლედიანს, ქართული კულტურისა და ხალხური მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

10) გურამ გოგოლაძეს
გურამ გოგოლაძემ 1990 წელს დაარსა კოოპერატივი „ვულკანი“, რომლის ბაზაზეც შექმნა შ.პ.ს „ავანგარდი“. მისი მრავალწლიანი ბიზნესაქმიანობისთვის იგი 2015 წელს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის მიერ დაჯილდოვდა ,,დარგის ლიდერის“ ორდენით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0