ბოლნისში 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს

09/04/2017

28 წელი გავიდა იმ შემზარავი ტრაგედიიდან, რომელიც თბილისში 1989 წლის 9 აპრილს დატრიალდა, თუმცა საქართველოს მასშტაბით ეს დღე ყველგან დიდი პომპეზურობით აღინიშნება. გამონაკლისი არც ჩვენი მუნიციპალიტეტია და ტრადიციულად კულტურისა და დასვენების პარკში, 9 აპრილის მემორიალთან, დღესაც შეიკრიბა საზოგადოება.
,,თავისუფლება შენ, თავისუფლება მე…“-ასე ერქვა კომპოზიციას, რომელშიც ბავშვთა თეატრის ,,საზღაპარეთის“ მსახიობები და კულტურის სახლთან არსებული ფოლკროლური ანსამბლი ,,სიონი“ იღებდა მონაწილეობას. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ბოლნისის სიონის ტაძრის მოძღვარმა მამა თეოდორემ 9 აპრილს დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის სადამსჯელო რაზმმა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. იმ ღამეს 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ქალები და სკოლის მოსწავლეები იყვნენ. საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, ეს თარიღი – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და ამავდროულად უდიდესი ტრაგედიის დღეა.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი ესწრებოდა.
,,სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ისტორიას ახსოვს ძალიან ბევრი ტკივილიანი პერიოდი და ჩვენი უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღე არის 9 აპრილი, როცა ჩვენმა მეზობელმა, ოკუპანტმა ქვეყანამ, ცოდვის კალო დაატრიალა დედაქალაქში. ჩვენ გვსჯიდნენ ყოველთვის იმისთვის, რომ ქვეყანა ისწრაფვოდა თავისუფლებისაკენ, ამიტომ ვიცავდით ენას, მამულსა და სარწმუნოებას. ზუსტად ამის გამო იყო ჩვენს მიმართ გაცხოველებული ინტერესი, მაგრამ ჩვენი მამულიშვილები და პატრიოტი ადამიანები ღირსეულად უმკლავდებოდნენ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს. 9 აპრილი იყო ერთ-ერთი დიდი დასტური იმისა, თუ რაოდენ დიდია ქართველ ადამიანში სამშობლოსადმი სიყვარული. ვფიქრობ, რომ ეს დღე არის როგორც ტრაგიკული, ასევე ბედნიერების საწყისიც, ვინაიდან 9 აპრილის 2 წლისთავზე საქართველომ დამოუკიდებლობის დღე გამოაცხადა“-, განაცხადა გამგებლის პირველმა მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0