ბონდო სოფრომაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს

19/01/2018

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. ხალხის პრობლემების გასაცნობად და მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტის პირველი პირი მერიის სამსახურების უფროსებთან ერთად თუზის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
მოსახლეობამ მერისაგან როგორც პირადი, ასევე უბნისა და სოფლის პრობლემების მოგვარება მოითხოვა. პრიორიტეტულ პრობლემებად დასახელდა შიდა სასოფლო გზებისა და ბოგირების მოწესრიგება, სკანდე-თავასის დამაკავშირებელი ბეტონის გზის გაგრძელება და ხიდის შეკეთება, სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის სისტემის მოწესრიგება, ელექტროენერგიის ხშირი შეწყვეტა, სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნა. ყველა დასმული საკითხი შესაბამისი სამსახურების მიერ იქნა ჩანიშნული რეაგირებისათვის.
„მეგობრებო, წინასაარჩევნო შეხვედრების დროს მე თქვენ დაგპირდით, რომ ვიქნებოდი თქვენს გვერდით 24 საათის განმავლობაში, გავიზიარებდი თითოეული ოჯახის ჭირსა და ლხინს. თქვენ მე დიდი ნდობა გამომიცხადეთ და მომანიჭეთ მერის მანდატი. ახლა დაპირებების შესრულების დროა. ვეცდები, შევიდე ყველა ოჯახში, შევხვდე ყველა ადამიანს. დღეს თქვენს წინაშე წარვდექი ჩემს გუნდთან ერთად. მოითხოვეთ, იქონიეთ თანამდებობის პირებთან პირდაპირი კონტაქტი. დავგეგმოთ და გავაკეთოთ ერთად, რადგან როგორც მე, მუნიციპალიტეტის მერს, ისე მერიის ყველა თანამშრომელს გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ ხელისუფლება უნდა ემსახუროს ხალხს და არა პირიქით. ჩემი დევიზია-ხალხთან ახლოს, ხალხის სამსახურში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტს ვუხელმძღვანელებ არა კაბინეტიდან, არამედ თქვენთან ერთად უბნებიდან და სოფლებიდან“-მიმართა ბონდო სოფრომაძემ დამსწრე საზოგადოებას.
მუნიციპალიტეტის მერმა სოფ. თუზის საბავშვო ბაღი მოინახულა, დირექტორსა და პედაგოგიურ კოლექტივს გაესაუბრა და გვერდში დგომა აღუთქვა. ასევე, სოფ. ვარდიგორაში არსებული ადგილობრივი ფერმერის მეურნეობა დაათვალიერა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ხალხის პრობლემების გასაცნობად და მოსაგვარებლად მერიის სამსახურის უფროსებთან ერთად ეტაპობრივად ყველა სოფელში შევა და შეხვდება მოსახლეობას, რათა ადგილზე იქნას განხილული ყველა პრობლემა, რაც აწუხებს სოფლის მაცხოვრებლებს და იქვე, ხალხთან ერთად დაისახოს პრობლემის მოგვარების გზები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0