ბორჯომის ქუჩებში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

17/02/2018

ქალაქ ბორჯომის ქუჩებში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ცენტრალური მაგისტრალის, შიდა ქუჩებისა და საფეხმავლო ბილიკების მიმდებარედ არსებული ტერიტორიები ინტენსიურად იწმინდება წლობით დაგროვილი ნაშალი მასალისგან, ქვა-ღორღისა და სხვა სახის ნარჩენისაგან. სამუშაოებს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური აწარმოებს.
სამსახურის ახლად დანიშნული უფროსის დავით ზაალიშვილის თქმით, სამუშაოები 1 თვის წინ დაიწყო და ამ დრომდე მთლიანად დასუფთავდა ვაშლოვანის, ჩარხისწყლისა და ლიკანის დასახლებებში ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიტორიები და ფერდობები.

„ამჟამად ჩვენ 3 მონაკვეთზე ვმუშაობთ. ჩართულია მძიმე ტექნიკა, ახალ უბანში გზის გასწვრივ არსებულ მონაკვეთს მთლიანად ვწმენდთ მიწისაგან, ჩირგვებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან. პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები, სოფელ ლიკანში, სადაც გამწვანების სამსახურის დახმარებით, სუფთავდება საფეხმავლო ბილიკი, ტექნიკური მარილისა და ქვიშისაგან იწმინდება ასევე ქალაქის ქუჩები. უახლოეს დღეებში გადავინაცვლებთ, გურამიშვილის ქუჩაზე და სოფელ ყვიბისში. ეს არ არის ერთჯერადი ინიციატივა, ამ ადგილების მოვლას ჩვენ მომავალშიც გავარძელებთ, უფრო მეტიც გვინდა გაზაფხულიდან ქალაქის დასუფთავებაში ადგილობრივი მოსახლეობა, წარმოება-დაწესებულებები და ორგანიზაციებიც ჩაერთონ“ – აღნიშნა დავით ზაალიშვილმა.

მოსახლეობის თქმით, მსგავსი სამუშაოები მათ ქუჩებზე ათეული წელია არ განხორციელებულა და ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქუჩების იერსახეს, მოსახლეობაც სუფთა და მოწესრიგებულ გარემოში იცხოვრებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0