ბორჯომში, თორის ქუჩის მე-2 შესახვევის მაცხოვრებლები მეწყერმა დააზარალა

21/05/2017

უამინდობამ და უხვმა ნალექმა გუშინ ღამით ბორჯომში თორის ქუჩის მე-2 შესახვევში მეწყერი გამოიწვია. სტიქიის შედეგად ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები, ეზოები და ავტოფარეხები დაიტბორა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სპეცტექნიკა. სამუშაოები ამ წუთებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს.
ტერიტორიაზე ამ დრომდე იმყოფებიან სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე, გამგებლის პირველი მოადგილე ანზორ სვანიძე და მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამსახურების თანამშრომლები.
ანზორ სვანიძის განმარტებით, არსებულმა სანიაღვრე არხმა მთიდან წამოსული მიწის მასა ვეღარ გაატარა, მიმართულება შეიცვალა და მოსახლეობა დააზარალა.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტერიტორია უმოკლეს დროში გაიწმინდოს, სავარაუდოდ, სამუშაოები ხვალისთვის დასრულდება, რის შემდეგ დაზარალებულებთან უკვე სტიქიის კომისია იმუშავეს და მიყენებულ ზარალს დაადგენს. კომისიის დასკვნის საფუძველზე მოხდება მოსახლეობისათვის შესაბამისი დახმარების გაწევა. პარალელურად ადგილზე იმუშავებენ სპეციალისტები, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევები“- აღნიშნა ანზორ სვანიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0