ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

14/08/2017

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქ. ბორჯომში მდებარე ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და მის შემადგენელ ნაწილს – ეიფელის ხიდს 2017 წლის 30 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. წაღვერ-ცემის მაკავშირებელი რკინიგზის ხიდი მდებარეობს მდინარე გუჯარულაზე, წაღვერიდან ცემისკენ მიმავალ სარკინიგზო ხაზზე. ის მიხეილ რომანოვმა სპეციალურად დაუკვეთა ცნობილ ფრანგ კონსტრუქტორს ალექსანდრ გუსტავ ეიფელს. მისი კონსტრუქცია 1902 წელს ჩამოიტანეს ბორჯომის ხეობაში და ბესარიონ ქებურიას ხელმძღვანელობით დაამონტაჟეს. ხიდი მთლიანად რკინის კონსტრუქციაა, რომელზეც ერთი ლიანდაგის ხაზი გადის. ე.წ. ეიფელის ხიდი, როგორც მას მოსახლეობა ეძახის, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია, რომლის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და 1902 წელს ამოქმედდა. რკინიგზის ხაზი იწყება ბორჯომის რკინიგზის სადგურზე და სრულდება დაბა ბაკურიანში (სულ 37.2 კმ). ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო კომპლექსი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, რომელიც თავისთავში ასახავს XX ს. დასაწყისში საქართველოში განვითარებულ ინდუსტრიულ პროცესებს. გარდა ამისა, ერთ-ერთი პირველი და ამავე დროს ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზია საქართველოში, და ერთ-ერთი პირველი საინჟინრო-ტექნოლოგიური კომპლექსი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0