ბოხვაურში მდებარე ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

17/08/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ბოხვაურში მდებარე ეკლესიას 2017 წლის 30 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეკლესია დანგრეულია XX ს. 20-30-იან წლებში. მისგან მხოლოდ ცოკოლი, დასავლეთის კედელი და იატაკის ფილებია შემორჩენილი. ყოფილა ნატეხი ქვით ნაგები დარბაზული ფორმის ნაგებობა გარეთ გაზიდული ნახევარწრიული აბსიდით. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. კარი თაღოვანია. ტიმპანზე რელიეფია მოცემული. ამავე კედელზე, შესასვლელის სიმეტრიულად მიდგმულია ბაზალტის კარგად გათლილი კვადრებით ნაგები სამრეკლო. ის სამსართულიანია. თითოეული სართული ოთხ სვეტზე დაყრდნობილი თაღოვანი ფანჩატურია. ყოველი მომდევნო სართული მოცულობებში მცირდება. სამრეკლო ბოლოვდება თუნუქის წაწვეტებული სახურავით მთავრდება. პირველი სართულის სვეტები მასიურ, სწორკუთხა ბაზისებზეა აღმართული. თითოეული სვეტი კაპიტელებით ბოლოვდება, რომლებსაც ეყრდნობა სართულის თაღები. სამრეკლოს სვეტები სხვადასხვა სახის დეკორატიული დეტალებითაა შემკული. ეკლესია XIX ს. საქართველოში გავრცელებული არქიტექტურული სტილით აგებული ერთ-ერთი ნიმუში უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება სამრეკლოს, მსგავსი ნაგებობა საქართველოსთვის იშვიათობას წარმოადგენს, ის ერთ-ერთი გამოხატულებაა საქართველოში უცხო სტილის შემოტანის მცდელობისა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0