საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგი, რომლის პირველი შეხვედრაც ქ. ბრიუსელში 2018 წლის 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს, თავისი შინაარსით უპრეცედენტოა და მსგავსი ფორმატი ევროკავშირს სხვა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანასთან არ გააჩნია. ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ბრიუსელში გამგზავრების წინ განაცხადა.
„ეს არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის უპრეცედენტო ფორმატი, რა დროსაც გაიმართება საქართველოს მთავრობასა და ევროკომიას შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრა. მსგავსი სახის ფორმატი, აღმოსავლეთ პარტნიორობის არცერთ ქვეყანას არ გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენ ვისაუბროთ მომავალზე, იმ ახალ იდეებსა და წინადადებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის, ასევე სერიოზული მზაობა არის ევოკავშირის მხრიდან, იმისათვის რომ გვქონდეს შინაარსიანი საუბარი სექტორული თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ ეს შეხვედრა კარგი საშუალება იქნება იმისა, რომ ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირს იმ ძირითადი მიმართულებებით, როგორიც გახლავთ ეკონომიკა, განათლება, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება“-განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინება, რომ აღნიშნულ შეხვედრას ესწრება თორმეტი კომისარი, რაც მაჩვენებელია მაღალი ჩართულობის.