განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ანგარიში განიხილეს

21/06/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარმოადგინა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე მახათას მთის მიმდებარედ არსებული პანთეონისთვის „ახალი პანთეონის“ სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს და საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
საკითხის თაობაზე, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განათლებისა და კულტურის კომისია საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიასთან ერთად კიდევ ერთხელ გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებს.
დღესვე კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წელს მიმდინარე სამუშაოების ანგარიში განიხილეს, რომელიც საკრებულოს წევრებს სამსახურის უფროსმა წარუდგინა.
ანგარიშის განხილვის მიზანს თბილისის ბიუჯეტის პროგრამების ეფექტიანი ადმინისტრირება, ხარჯვის მიზნობრიობის ანალიზი და მათ საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა.
ია მაქაცარიამ, ძირითადად, საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა და
ყურადღება მუნიციპალურ სახელოვნებო და კულტურულ დაწესებულებებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა.
მანვე მუნიციპალურ დაქვემდებარებაში არსებული ცხრა მუზეუმის გაერთიანების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ
რეფორმა უფრო მოქნილი მართვისა და მუზეუმების მეტი პოპულარიზაციის შესაძლებლობას იძლევა.
კიდევ ერთი რეფორმა, რომლის მნიშვნელობის შესახებ სამსახურის უფროსმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, მუნიციპალური თეატრების ადმინისტრაციული რგოლის შრომითი ანაზღაურების ერთიანი სისტემის შექმნა და მის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიით თეატრების სადადგმო ხარჯების დაფინანსებაა.
კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ასევე „თბილისის თანამედროვე საბალეტო დასის“ შექმნაზე, არქეოლოგიურ კვლევებზე, ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობის იმ პროექტზე ისაუბრა, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს.
ია მაქაცარიას თქმით, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის ბაზაზე მოეწყობა ადაპტირებული სივრცე, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს თავიანთი უნარების წარმოჩენის საშუალება მიეცემათ და ეს იქნება პირველი ადაპტირებული თეატრი ამიერკავკასიაში.
სხდომაზე მედიათეკების შესახებ ყურადღება თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა გაამახვილა და აღნიშნა, რომ
თბილისში უკვე დასრულდა და ახლო მომავალში მესამე მედიათეკა გაიხსნება.
მანვე მუნიციპალურ და კულტურულ დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მოწყობაზე გააკეთა განმარტება.
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები დავით უთმელიძე და სოსო მანჯავიძე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, მისი მოადგილე მაკა ნასრაშვილი, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებული სათათბიროს წევრები ესწრებოდნენ.სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც დეპუტატებისა და მოწვეული სტუმრების შეკითხვებს მერიის წარმომადგენლებმა უპასუხეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0