განათლებისა და კულტურის კომისიის გასვლით სხდომაზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის წლიური ანგარიში მოისმინეს

23/01/2017

N37 ბაგა-ბაღში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წლიური ანგარიში მოისმინეს.
როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, ბაგა-ბაღებში პრიორიტეტი განათლების კომპონენტის გაძლიერება უნდა გახდეს.
მისივე თქმით, აღსაზრდელთა გონებრივი და ფსიქო-მოტორული, ასევე სოციალურ-ემოციური ქცევის განვითარება ბაგა-ბაღების სერვისის არსებითი მიმართულებაა და შესაბამისად, სასწავლო-აღმზრდელობითი, მეთოდოლოგიური და ჯანდაცვითი კუთხით მნიშვნელოვანი და კვალიფიციური რესურსის მობილიზებას მოითხოვს.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიასთან შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი კანონქვემდებარე აქტებზე უკვე მუშაობს, რაც თბილისის ბაგა-ბაღებში ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე შესაბამის სტანდარტებს შექმნის.
სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ 2016 წლის მანძილზე ბაგა-ბაღების მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ანგარიში წარუდგინა და 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროექტებზე ისაუბრა.
სააგენტოს ხელმძღვანელი ასევე საერთაშორისო კვლევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კვლევამ საბავშვო ბაღებით კმაყოფილების 82%-მდე ზრდა აჩვენა, რაც ბოლო სამი წლის მანძილზე ამ სფეროში სააგენტოს მიერ განხორციელებული მკვეთრი და რადიკალური რეფორმების შედეგია.
წლიური ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის გასვლითი სხდომას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, კომისიასთან არსებული სათათბიროს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0