განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიმდინარე თემატური მოკვლევის ფარგლებში, საჯარო სკოლების დირექტორებსა და ექიმებს მოუსმინეს

24/11/2023

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური და სკოლის ექიმების ნორმების დაცვის პრაქტიკისა და არსებული გამოწვევების შესწავლის თაობაზე თემატურ მოკვლევას ახორციელებს. მოკვლევის ფარგლებში, პარლამენტში ზეპირი მოსმენა გაიმართა, სადაც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის ექიმებს მოუსმინეს. შეხვედრაზე სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასა და სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები განიხილეს.

„გამოვლინდა გარკვეული პრობლემები, რომლებიც სწორედ სკოლის ექიმის დახმარებით უნდა აღმოიფხვრას. მოკვლევას საფუძვლად უდევს უსაფრთხო სკოლისა და უსაფრთხო განათლების კონცეფცია“, – განაცხადა თემატური მოკვლევის მთავარმა მომხსენებელმა ლადო კახაძემ.

მოკვლევის ფარგლებში ლადო კახაძემ გასვლითი შეხვედრები გამართა მცხეთის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, სადაც საჯარო სკოლებს ეწვია, ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სკოლების დირექტორებსა და სკოლის ექიმებს გაესაუბრა.
გასვლითი შეხვედრებისა და ზეპირი მოსმენის შემდეგ მოხდება რეკომენდაციების შემუშავება. ზეპირ მოსმენაში მონაწილეობას იღებდნენ გ.ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი რევაზ კობახიძე და დირექტორის მოადგილე ქეთევან დადიანი, სამედიცინო ეკოლოგიისა და რისკის შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მანანა გრძელიშვილი და „ალიანსი ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა” დამფუძნებელი, პედიატრი ლიანა სირაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0