განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით სახელმძღვანელოს ამზადებს

31/08/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით სახელმძღვანელოს ამზადებს, რომელიც განკუთვნილი იქნება საშუალო საფეხურის არჩევითი საგნისთვის „სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა“. აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალს, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძესა და თავდაცვის უწყების რამდენიმე წარმომადგენელს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმძღვანელოს დახვეწისა და მოსწავლეებისათვის ადაპტირების საკითხს, ასევე საგნის პედაგოგებისთვის სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსის შექმნასა და პილოტირების პროცედურებს.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების აზრით, მოსწავლეები უნდა შეისწავლიდნენ საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, ეროვნულ და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემებს, საქართველოს თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურას, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და თვითგადარჩენის საკითხებს.
თანამშრომლობის შედეგად გამოიკვეთა, რომ ამ საკითხების ნაწილის ასახვა არამარტო საშუალო საფეხურის არჩევითი საგნის სტანდარტში, არამედ გარკვეულწილად საბაზო საფეხურის ისტორიის, გეოგრაფიისა და მოქალაქეობის სასწავლო პროგრამებშიც არის შესაძლებელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0